ჰავაი

ჰავაიზე ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ გაფრთხილება შეცდომით გაუშვეს

CNN

ჰავაიზე ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ გაფრთხილება შეცდომით გაუშვეს. შემთხვევა შაბათს, 13 იანვარს, მოხდა. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რადიოთი და ტელევიზიით გავრცელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ და კუნძულის დამსვენებლებმა მოსალოდნელი იერიშის შესახებ გაფრთხილება მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც მიიღეს.

"ჰავაიზე ბალისტიკური სარაკეტო იერიშის საფრთხე არსებობს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი. ეს სასწავლო განგაში არ არის." - ეწერა შეტყობინებაში.

შეტყობინებამ კუნძულზე პანიკა და ქაოსი გამოიწვია, თუმცა 40 წუთის შემდეგ მოსახლეობამ ახალი მესიჯი მიიღო.

"ჰავაის შტატში სარაკეტო იერიშის საფრთხე ან რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს. ვიმეორებთ, ცრუ განგაშია." - ეწერა ახალ შეტყობინებაში.

როგორც გაირკვა, გაფრთხილების გავრცელება შეცდომით მოხდა. ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა კუნძულის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში თავისი ცვლის სხვაზე გადაბარების დროს, "არასწორ ღილაკს შეცდომით დააჭირა ხელი."

აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისია, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემებებზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები