აფგან მუხთარლი

ევროკავშირი: მუხთარლის სავარაუდო გატაცება სამართლიან გამოძიებას საჭიროებს

ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაოჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის საკითხს ეხმაურება და საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბალაკანის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება "სერიოზულ კითხვებს აჩენს აზერბაიჯანში ფუნდამენტური უფლებების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების და კანონის უზენაესობის კუთხით.

ბატონი მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოდან, რასაც აზერბაიჯანში მისი დაკავება და გასამართლება მოჰყვა, კვლავ საჭიროებს სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას. 

თავისუფლების აღკვეთის ყველა ფაქტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული, აზერბაიჯანში სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად", - აღნიშნავს ევროკავშირი. 

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხტარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა. 

კომენტარები