დისკრიმინაცია

კილაძე დისკრიმინაციის ბრალდებაზე: ეს პირადად ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად

0 კომენტარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

საქმე ეხება კომიტეტის აპარატის თანამშრომლის, ელგა ფოლადიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, სოფიო კილაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ პროფესიით იურისტი არ არის. მისივე თქმით, კომიტეტის თავმჯდომარე ახლობლებს ასაქმებს და იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც აპარატი უკვე დატოვა, მისთვის სასურველი ადამიანები მოიყვანა.

კილაძე აცხადებს, რომ ბრალდებები მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"ეს ადამიანი აგრძელებს სამსახურს ჩვეულებრივად, არავისგან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის, ადამიანი ჩვეულებრივად არის და ზის და ძალიან კარგ პირობებში არის. იმდენად უსუსური არის ეს ყველაფერი, რომ... ეს მიზნად ისახავდა ჩემს დისკრედიტაციას პირადად", - უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომელმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

"მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მე. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. შემდეგ მისგან იყო ასეთი სვლა - თუ ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, მიმცემდადისციპლინურ პასუხისგებაში. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა ასეთ რამ - შენ არ ხარ იურისტი, დაგავალებ ისეთ რამეს, რომელსაც, როგორც არაიურისტი, ფიზიკურად ვერ შეასრულებ. არის რაღაც თემები, რაშიც მე ფიზიკურად ვერ შევალ, იმ მიზეზის გამო, რომ ამის არც კომპეტენცია მაქვს, რადგან არ ვარ იურისტი და საჯარო მოხელეობა გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებს", - აცხადებს ფოლადიშვილი.

მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, როცა ელგა ფოლადაშვილი კონკურსის შედეგად მოხვდა პარლამენტში, მოთხოვნებს შორის იურისტის დიპლომი არ ყოფილა.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ინტერნეტში იძებნება, ელგა ფოლადიშვილი ჟურნალისტია. მან 2011 წელს მოძრაობა "სოლიდარობა უკანონი პატიმრებს" ოფისში, მოძრაობის ლიდერ ეკა ბესელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი წიგნის, "წერილები საქართველოს" წიგნის მაღაზიების ქსელიდან ამოღება გააპროტესტა. 2012 წლიდან 2016 წლის შემოდგომის ჩათვლით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს სწორედ ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. სოფიო კილაძე კომიტეტის თავმჯდომარე 2016 წლის შემოდგომაზე, ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები