პაატა პავლიაშვილის საქმე

ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე, გამოძიება შეწყდა

flickr

პროკურატურამ 2017 წლის 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე სამართალდამცავების მიერ დაკავების პროცესში გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების ინფორმაციით, იმის გასარკვევად, გამოიწვია, თუ არა გარდაცვალება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ქმედებამ, "პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წვერები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები. ასევე, მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები".

პროკურატურის ცნობით, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობას და/ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონიათ. ასევე, მათი ცნობით, როგორც კი პავლიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები ახსნეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს. 

პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები ამოიღეს. ამასთან, ამოიღეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც. 

თუმცა, პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერააზე მხოლოდ პავლიაშვილის დაკავების შემდგომი ეტაპია ასახული. პროკურატურის ცნობით, გამოკითხული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ მხოლოდ მას შემდეგ ჩართეს სამხრე კამერები, რაც ის დააკავეს. 

"პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან - გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება,"-წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პატრულის სამხრე კამერებსა და ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა. 

"გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ.-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდასასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2017 წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა პავლიაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე არცერთი სამართალდამცავის სამხრე კამერაზე, ისევე როგორც საპატრულო მანქანის ვიდეოკამერაზე სრულად არ არის აღბეჭდილი ინციდენტის განვითარება, უშუალოდ დაკავების ეპიზოდი და მისი წინარე პერიოდი, სადაც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა საფუძვლიანი მოქალაქის დაკავება, რა ძალა გამოიყენა პოლიციამ დაკავების ეპიზოდში, როგორ მოიქცა პოლიცია მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ადგილი ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას ან სხვა ტიპის დარღვევას, რასაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა გამოეწვია.

კომენტარები