საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო სერბი პატრიარქის მიერ ბიბილოვის მიღებაზე განმარტებას ითხოვს

სერბეთის პატრიარქი და ანატოლი ბიბილოვი

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილით მიმართავს და ახსნას სთხოვს იმის თაობაზე, რომ სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი თავის რეზიდენციაში მიიღო. 

ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც. ამიტომაც, აღნიშნული შეხვედრა, ბუნებრივია, თქვენი მხრიდან გარკვეულ ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია. ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მით უმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.

გთხოვთ, ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს", - ნათქვამია საპატრიარქოს წერილში. 

სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი თავის რეზიდენციაში 13 იანვარს მიიღო. "პატრიარქმა ირინეოსმა უსურვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და სამხრეთ ოსეთის ხალხს სიკეთე და აყვავება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები