NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებზე მისულთა 59%-მა კამპანიის დაწყებამდე გადაწყვიტა ვის მისცემდა ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, საარჩევნო ასაკის მოსახლეობის 38%-მა კამპანიის დაწყებამდე გადაწყვიტა ვის მისცემდა ხმას.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მათგან 59%-მა სასურველი კანდიდატის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება კამპანიის დაწყებამდე მიიღო, 27%-მა კამპანიის განმავლობაში, ხოლო 13%-მა არჩევნების დღეს.

აღსანიშნავია, რომ იმ 67%-დან, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, 68% მიიჩნევს, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალია. 10%-ს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზეზი იმ პარტიის მხარდაჭერა იყო, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მის მოსაზრებებთან, 8%-ის მიზანი კი ის იყო, რომ მისი ხმა არ გამოეყენებინათ არჩევნების გასაყალბებლად.

NDI-მ მოსახლეობას ასევე ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა საკმარისი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების შესახებ. გამოკითხულთა 67% კითხვას დადებითად პასუხობს, 31% უარყოფითად.

გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 93%-ის აზრით, საარჩევნო უბანი მოწესრიგებული და უსაფრთხო იყო. ასევე, 90%-ის აზრით, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები.

NDI-მ მოსახლეობას ჰკითხა უბანზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე თუ შენიშნეს ადამიანები, რომლებიც ამომჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ. არჩევნებზე მისული მოსახლეობის 14%-მა ასეთი პირები შენიშნა და მათგან 22%-ს ამან უხერხულობა შეუქმნა, 77%-ს კი არა. ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ, არ შეუნიშნავს 77%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები