NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი ხმა არაფერს შეცვლიდა

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 15%-მა არჩევნებში მონაწილეობის არ მიღების მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ხმა არაფერს შეცვლიდა.

32% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ ამინდის, ჯანმრთელობის და სხვა მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა. 19%–მა არჩევნებზე წაუსვლელობის მიზეზად სხვა ქალაქში ან სოფელში რეგისტრაცია დაასახელა. 11%–მა კი აღნიშნა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, გამოკითხულთა 18% სრულად არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. დიდმა ნაწილმა (35%), თქვა რომ ისინი ნაწილობრივ არიან დარწმუნებული ხმების სწორად დათვლაში. 19% აცხადებს, რომ ნაკლებად არის ამაში დარწმუნებული, 11% - საერთოდ არაა დარწმუნებული, 17% კი ამბობს, რომ არ იცის რამდენად სწორად მოხდა ხმების დათვლა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები