NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდაა, 30% არ ეთანხმება

რუსული პროპაგანდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს რუსული პროპაგანდა, ხოლო 30% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

იმავე კვლევის მიხედვით, 29% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა, 45% ამ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 26%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

44%-ის აზრით, საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა. მოსაზრებას არ ეთანხმება 28%. კითხვაზე პასუხი არ აქვს ასევე 28%-ს. 

NDI-ის ცნობით, რესპონდენტებს მიეცათ სიტყვა "პროპაგანდის" განმარტება, როგორც დამახინჯებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის, რომლის მიზანიცაა რომელიმე ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, მისი ქმედებების გამართლება და დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვა.

იმ 53%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდაა, 53% ამბობს, რომ ის ქართულენოვანი სატელევიზიო არხების მიხედვით ვრცელდება, ხოლო 32% პროპაგანდის გავრცელების საშუალებად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს. 28% რუსული პროპაგანდის გავრცელების იარაღად ინტერნეტსა და სოციალურ მედიას ასახელებს, 12% სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო 11% - არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს. 

გამოკითხული რესპონდენტების იმ 45%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა, 66% მისი გავრცელების საშუალებად ქართულენოვან სატელევიზიო არხებს ასახელებს, 31% ინტერნეტსა და სოციალურ მედიას, 23% პოლიტიკურ პარტიებს, 11% სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო 8% კი არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს. 

იმ 44%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა, 66% ამბობს, რომ ის ქართულენოვანი არხების საშუალებით ვრცელდება, 32% ინტერნეტსა და სოციალურ მედიას ასახელებს, 26% პოლიტიკურ პარტიებს, 10% სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო 9% კი არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები