Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია

Freedon House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. მას 100 მაქსიმალური ქულიდან 64 ქულა აქვს. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული 2017 და 2016 წლებშიც.

საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, რომელთა დემოკრატიის ტრაექტორიასაც Freedom House აკვირდება და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ 2018 წლის განმავლობაში. ასეთ ქვეყნებს შორის ასევე არიან აშშ, ავღანეთი, ანგოლა, ერაყი, მექსიკა, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი. 

ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და პლურალისტურ არჩევნებს და ბოლო წლებში მისი დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, "ოლიგარქიული აქტორები განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დამოუკიდებლობა კი დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან". 

Freedon House საუბრობს საკონსტიტუციო რეფორმაზეც, რომელიც საქართველოში განხორციელდა და აღნიშნავს, რომ ამ ფუნდამენტურ ცვლილებებს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა მოჰყვა.

"ბოლო დროს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას ზურგს ფინანსურად მილიარდერი მფარველი უმაგრებდა, რაც ერთობლიობაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასუსტებული ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებში, უფრო მეტიც, პოტენციურად ეს უზურუნველჰყოფს მმართველი გუნდის წლობით დარჩენას ხელისუფლებაში", - წერს ორგანიზაცია. 

Freedom House წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზეც და აღნიშნავს, რომ ის, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, ზრდის ეჭვებს, რომ საქართველოს მთავრობა მართლაც ჩართული იყო მისი გატაცების საქმეში. ორგანიზაცია თვლის, რომ რეგიონში დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ავტორიტარული ძალები, რომლებიც კვეთენ საზღვრებს, რათა მათი კრიტიკოსები დასაჯონ.

კომენტარები