მიანმარი

ბანგლადეშიდან მიანმარში 2 წლის მანძილზე ყოველ კვირა 1,500 როჰინჯა დაბრუნდება

Reuters

ბანგლადეში და მიანმარი ათასობით როჰინჯა მიგრანტის დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

მიანმარი ბანგლადეშიდან ყოველკვირეულად 1,500 როჰინჯა დევნილის დაბრუნებას დათანხმდა. მათი თქმით საბოლოო მიზანს 2 წელიწადში ყველა მიგრანტის დაბრუნება წარმოადგენს.

საუბარია 650,000-ზე მეტ როჰინჯა მუსლიმზე, რომლებმაც მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში გასული წლის აგვისტოში განვითარებული ძალადობის შემდეგ ბანგლადეშს შეაფარეს თავი.

Reuters-ის მიხედვით შეთანხმება არ აკონკრეტებს როდის დაიწყება მათი დაბრუნების პროცესი. მიანმარის განცხადებით დაბრუნებულებს დროებით თავშესაფრებში განათავსებენ და შემდეგ სახელბს აუშენებენ.

შეთანხმების გადახედვა სამ თვეში მოხდება. ბანგლადეშის თქმით მათ სურდათ, რომ მიანმარს კვირაში 15,000 მიგრანტი მიეღო. არსებული შეთანხმებით ორ წელიწადში მხოლოდ 156,000 მიგრანტის დაბრუნება მოხერხდება.

Amnesty International-ის განცხადებით იმედოვნებენ, რომ მიგრანტები უსაფრთხოდ მოახერხებენ დაბრუნებას, ღირსეული პირობები ექნებათ და იძულების გზით არ დააბრუნებენ მათ, ვისაც ეს არ სურს.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში აგვისტოს შემდეგ განვითარებული ძალადობის შედეგად 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. ეს რიცხვი აღემატება მიანმარის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ რიცხვს, რომელიც მხოლოდ 400-ს შეადგენს და მთავრობის მტკიცებით მათ შორის ძირითადად ტერორისტები იყვნენ.

ორგანიზაციის მონაცემებით ბანგლადეშს თავი 647,000-მა როჰინჯა მუსლიმმა შეაფარა.

მათმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით მიანმარში 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა; მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა.

ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე. ბავშვთა გარდაცვალებების 2% ნაღმებზე აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც მიანმარისა და ბანგლადეშის სასაზღვრო ტერიტორიაზე იყო ჩაფლული.

ორგანიზაცის წარმომადგენლების თქმით დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ბევრად დიდია, რადგან მათ მხოლოდ ის პირები გმაოკითხეს, ვინც ბანგლადეშში თავის შეფარება შეძლო.

კომენტარები