ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ჯაფარიძე BASSIANI-ს ინციდენტზე: 3-დან 1 დაზარალებული ვერ გააჩუმეს და სასამართლო მოაყომარეს

0 კომენტარი
ფოტო: დავით კვირკველია / Facebook/ გირჩი Girchi

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე 13 იანვარს კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ჯაფარიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ კლუბის დაცვის ორი წევრისა და ერთი პოლიციელის ცივი იარაღით დაჭრაში ბრალდებული პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მას მამის, პაატა ქვლივიძის კავშირები დაეხმარა. 

ქვლივიძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის საქგვირაბმშენის ხელმძღვანელი და ქართუ უნივერსალის მეწილეა. შპს ქართუ უნივერსალის 74%-ის მფლობელი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძეა.

"სამი ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი არის თამაზ ქვლივიძე. მამამისი არის პაატა ქვლივიძე, საქგვირაბმშენის ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ქართუ უნივერსალის მოწილე 1996 წლიდან და ცნობილი ზარალას ძალიან ახლობელი.

არის თუ არა პრივილეგირებული? არის. რეკავდა თუ არა პირადად ზარალა და მამის სამეგობრო ყველგან რომ საქმე ჩაეფარცხათ? რეკავდა. მინიმუმ, ერთ-ერთი დაზარალებული რომ ვერ გააჩუმეს, მოაყომარეს თუ არა სასამართლო? მოაყომარეს. ეს არის ფაქტები, რომლებიც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის წარედგინა, ამასთან პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის (353-ე მუხლი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი 3-დან 6 წლამდე, 118-ე მუხლი 1-დან 3 წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ, 15 იანვარს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ 3 პირის ცივი იარაღით დაჭრაში ბრალდებული პირი სასამართლომ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ის "პრივილიგერებული ოჯახიდანაა". 

"სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! - გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას,"- წერს ნაჯა ორაშვილი. 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს. ამასთან, მათივე განცხადებით, ისინი დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემენ

"შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს მაგრამ იქნებ ისიც კითხოს ვინ რეკავდა და რა გზებით ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას? ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გარეთ არ დადიოდეს თავისუფლად, არამედ ისიც თუ ვინ არიან და რა გზებს მიმართავენ შინაურების დასაცავად ე.წ. პრივილეგირებულები,"- წერს ჯაფარიძე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მძიმე კაცთან - ქეთი ჩხეიძე (ანონსი)

კომენტარები