ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ბადრი შონიამ ბირჟა მაფიას პატიმრობა შეუფარდა, თამაზ ქვლივიძე გირაოთი გაათავისუფლა

0 კომენტარი

კლუბ ბასიანთან მომხდარი ჩხუბისა და რეპ ჯგუფის, ბირჟა მაფიას საქმეების მოსამართლე ერთი და იგივე ადამიანი, ბადრი შონიაა. ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ადასტურებს, რომელიც ბასიანის დაცვის წევრებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ ბირჟა მაფიის წევრებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, 9 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად რეპერები ამბობდნენ, რომ ნარკოტიკები არ ჰქონდათ და მათი დაკავება ვიდეო კლიპს უკავშირდებოდა, რომელშიც პოლიციელი იყო გაშარჟებული - მუხლებზე იდგა და ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული. 

რამდენიმე დღის წინ კი ბადრი შონიამ კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ქვლივიძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე 353-ე, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. 

თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა სასამართლოში გასაჩივრდა. პროცესი ხვალ გაიმართება და გადაწყდება, შეიცვლება თუ არა ქვლივიძის აღკვეთის ღონისძიება.

ბადრი შონიამ 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2010-2011 წლებში კი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 2005 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამომძიებელი ან პროკურორი იყო, 2011 წლის ნოემბრიდან კი ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ორი კვირის წინ მესტიაში ახალგაზრდა მოკლა (video)

კომენტარები