ინციდენტი კლუბ ბასიანთან

თამაზ ქვლივიძის ადვოკატი: ბასიანის დაცვის მხრიდან იყო ფიზიკური შეურაცხყოფა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ ბასიანის დაცვის თანამშრომლისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

სააპელაციოში მიმდინარე პროცესს ესწრება ბრალდებულიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ქვლივიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ დაცვის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, ზაზა მესხის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა მიყენებული ჭრილობა მსუბუქია, რადგან შემავალი არ არის.

"პოლიციის თანამშრომელს ყველა ჭრილობა მიყენებული აქვს იმ დროს, როცა ცდილობდა გამოერთმია დანა და ხელის მტევანი გაიჭრა. ასევე, მხარში, დაცვის მეორე თანამშრომელს და სახის არეში ბატონ ზურაბ მესხს. [..] შეიძლება მიიღო გაშველების დროს, ან რაიმე სხვა მოქმედების დროს. ჯერ არ მსურს ამის გაჟღერება, მაგრამ დაცვის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა, როგორც იტყვიან, ფიზიკურ შეურაცხყოფას", - აცხადებს ადვოკატი.

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ საქმეში არის ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდებულის მხრიდან შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს დაადასტურებს.

"გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღკვეთ ღონისძიებას, ვინაიდან, ბრალდებულმა დანაშული ჩადენის შემდგომ შეეცადა ბრალდებული მიმალვას", - აცხადებს პროკურორი.

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ 15 იანვარს გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული "ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილია". მისივე თქმით, მან დაცვის წევრები და პოლიციელები იმის გამო დაჭრა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ორაშვილი Facebook-ში წერს, რომ "ახალგაზრდამ სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო".

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული თამაზ ქვლივიძე თბილისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები