ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ადვოკატი: გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ქვლივიძე დანას მოგერიების მიზნით იქნევდა

რუსთავი 2

კლუბ ბასიანის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შესახებ, არაკანონიერს, უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს.

როგორც ზაზა მესხმა დღეს გამართული პროცესის შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არავითარი ახალი გარემოება და საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო.

მისივე თქმით, იყო პოლიტიკური ზეწოლა, თუმცა არ აკონკრეტებს ვისი მხრიდან და ამბობს, რომ "ყველა მხრიდან".

"[ქვლივიძე] ნაწილობრივ აღიარებს, რომ ჰქონდა დანა და უბრალოდ, მოგერიების მიზნით იქნევდა. განზრახვა, რომ ვინმესთვის რაიმე სახის დაზიანება მიეყენებინა, არ ჰქონია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას. ვბრუნდებით იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა გარედან, ერთ-ერთმა მფლობელმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ მოსამართლე არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, გაიმართებოდა აქციები. ეს იყო შანტაჟი. ეს იყო არაკანონიერი, უსაფუძვლო და უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ არ საჩივრდება", - აცხადებს ზაზა მესხი.

მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა, რადგან ბრალდებულმა ქვლივიძემ არ იცოდა, რომ ის პოლიციელი იყო. გარდა ამისა, მესხი ამბობს, რომ ბრალდებულს დაცვის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"არავითარი თავდასხმა პოლიციის თანამშრომელზე არ ყოფილა. უბრალოდ, იყო თუ არა პოლიციელი, ისიც არ იცოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რადგან ის ფორმით არ იმყოფებოდა, არც წიგნაკი წარუდგენია, არც უთქვამს, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი. მას არ დაესიზმრებოდა. ​აქამდე ვიკავებდი თავს და არ გამიჟღერებია, მაგრამ ახლა ვაჟღერებ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმაც განაცხადა. ცოტა ბანალურიც კია, ის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც უნდა დავუპირისპირდე არის ზვიად მესხი, ჩემი შვილიც ზვიად მესხია. დაცვის თანამშრომელმა ფეხქვეშ გაიგდო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სცემდა. 20 წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა ორგანოებში და პირველი დამცველი მე ვარ პოლიციის თანამშრომლების, მაგრამ მან არათუ არ იცოდა რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო, არც არავითარი განზრახვა ჰქონდა, რომ ვინმესთვის, არათუ პოლიციელისთვის, უბრალო მოქალაქისთვისაც კი მიეყენებინა დაზიანება. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაშველების დროს მიღებული დაზიანებები და რა გახდა ამ გაშველების მიზეზი, მოვიპოვებთ მტკიცებულებებს", - აცხადებს ადვოკატი.

კლუბ ბასიანის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა დღეს შეუფარდა.

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ 15 იანვარს გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული "ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილია". მისივე თქმით, მან დაცვის წევრები და პოლიციელები იმის გამო დაჭრა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ორაშვილიFacebook-ში წერს, რომ "ახალგაზრდამ სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო".

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული თამაზ ქვლივიძე თბილისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები