Credit Suisse

ივანიშვილის პირადი ბანკირი აღიარებს, რომ 2008 წლიდან აყალბებდა მილიარდერის ხელმოწერას

flickr.com

ჟენევაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა პატრის ლესკაუდრონმა აღიარა, რომ კლიენტის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ლესკაუდრონი ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული, რითიც ექსპრემიერს $150 მილიონიანი ზარალი მიადგა. 

ლესკაუდრონი ასევე აღიარებს, რომ ივანიშვილის ხელმოწერის გაყალბებიდან მალევე, რუსი მილიარდერის და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ვიტალი მალკინის ხელმოწერის გაყალბებაც დაიწყო. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლესკაუდრონმა სხვა კლიენტების ანგარიშებზე არსებული ზარალის დაფარვის მიზნით, ივანიშვილის ანგარიშიდან ავტორიზაციის გარეშე სოლიდური თანხები მოხსნა.

ჟენევაში მიმდინარე საქმის განხილვაზე მოწმის სტატუსით ბიძინა ივანიშვილიც იყო დაბარებული, თუმცა ექსპრემიერი შვეიცარიაში გამგზავრებას არ აპირებს, Le Temps-ის ინფორმაციით მილიარდერის ადვოკატები წარადგენენ სამედიცინო ცნობას, სადაც მითითებული იქნება თუ რატომ არ ჩადის ივანიშვილი ჟენევაში.

საქმის დეტალები

პატრის ლესკაუდრონი Credit Suisse-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირი იყო. ის 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკაუდრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა. 

პატრის ლესკაუდრონი $3 მილიარდის პორტფელს განკარგავდა, მისი უმსხვილესი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი იყო. პირადი ბანკირი აღიარებს, რომ მან ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან $150 მილიონი დოლარი ჩარიცხა სხვადასხვა პირის ანგარიშებსა და კომპანიების აქციებში. ამასთანავე აღიარებს, რომ $3 მილიონი დოლარი მიითვისა.

ლესკაუდრონს ივანიშვილი Raptor-ში ჩადებული მთლიანი ინვესტიციისთვისაც ედავება. საქმე ეხება დაახლოებით $100 მილიონს, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს მისი რეკომენდაციით, კომპანია RAPTOR-ში ჩადო. RAPTOR-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაა და ის ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა. კომპანიის აქციების ღირებულება 2013 წელს გაორმაგდა და ის ივანიშვილისთვის მომგებიანი ინვესტიცია იყო. 2015 წლის სექტემბერში RAPTOR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომპანიამ ახალი მედიკამენტების ტესტირება წარუმატებლად დაასრულა, შედეგად კი ერთ დღეში მისმა წაგებამ 37% შეადგინა. ივანიშვილმა ამის შედეგად დაახლოებით $100 მილიონი დაკარგა.

დაკავებული ბანკირი აღიარებს, რომ სარისკო ინვესტიციების კეთებას მას ივანიშვილი ავალდებულებდა. მისი თქმით, ივანიშვილმა 2009 წელს Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალში არასარისკო ანგარიშებზე განთავსებული $600 მილიონის რისკიან, აქციებში გადატანა მოითხოვა. სინგაპურის ფილიალმა ივანიშვილის თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა იმ კომპანიის აქციები, რომელშიც ივანიშვილს სურდა ინვესტირება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად კი ივანიშვილმა წარმატებული ინვესტიცია ხელიდან გაუშვა. ბანკრი ყვება, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ივანიშვილი შოკირებული იყო, რის გამოც მან უფრო სარისკო ინვესტიციების კეთება დაიწყო. ბანკირის თქმით, მან ივანიშვილის საკრედიტო ხაზის გამოყენებით კლიენტთან შეუთანხმებელი ინვესტიციები განახორციელა, მაგრამ ამით კლიენტისტვის ზოგიერთ ივნესტიციაზე წელიწადში 180%-იანი ამონაგებიც მოჰქონდა.

Le Temps-ის ინფორმაციით, ლესკაუდრონს ყალბი სასესხო ხელშეკრულების მომზადებასაც ედავებიან. ივანიშვილის ადვოკატების მტკიცებით, მან კლიენტის ავტორიზაციის გარეშე $30 მილიონი გადარიცხა კომპანია Meinl-ის ობლიგაციებისა და ფარმაცევტიკული კომპანია Raptor-ის აქციებზე. 

პროკურატურის მასალებით, განსასჯელმა გააყალბა ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა და ამით გააფორმა არარსებული სესხი. დაკავებულს ანალოგიურ დანაშაულს ედავება ვიტალი მალკინიც. საქმის აღნიშნული ნაწილის განხილვა დღეს არის დაგეგმილი.

ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

"მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს", - ამბობს ივანიშვილი.

პატრის ლესკაუდრონის ადვოკატი Le Temps-სთან საუბარში ამბობს "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აღიარების მიუხედავად, ეს საქმე უამრავ კითხვებს ტოვებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გაცილებით დიდი და კომპლექსური სქემის ნაწილია. იმ პერიოდში, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კლიენტები დიდძალ თანხას აკეთებდნენ ფულის წარმომავლობის შესახებ არავითარ კითხვებს არ სვამდნენ, დღეს კი ყველაფერში ბანკირს ადანაშაულებენ". 

მოსარჩელეთა მთავარი ინტერესი დაყადაღებული $80 მილიონია, საქმე იმაშია, რომ მოპარული $150 მილიონიდან ლესკაუდრონმა $80 მილიონი გადაურიცხა სხვა კლიენტებს, მათ შორის ვიტალი მალკინს. როგორც დაკავებული ამბობს, ეს მოხდა ისე, რომ თანხის მიმღებებმა თანხის წარმომავლობის შესახებ არ იცოდნენ. ახლა აღნიშნული პირები ამ თანხის შენარჩუნებისთვის დავობენ. 

საქმის განხილვა 9 თებერვალს უნდა დასრულდეს.

კომენტარები