ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ქვლივიძის ადვოკატი აქციების დაანონსებას უარყოფს

ტაბულა

თამაზ ქვლივიძის ადვოკატი, ზაზა მესხი ტაბულასთან საუბრისას აქციების დაანონსებას უარყოფს. მისი თქმით, "აქციებით მუქარა მისი საქმე არ არის". 

მესხი ამბობს, რომ მან სასამართლო პროცესზე კლუბ ბასიანის მფლობელების განცხადებების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც წინა დღეებში თქვეს, რომ აქციები გაიმართებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თამაზ ქვლივიძეს პატიმრობას არ შეუფარდებდა. 

"მე იურისტი ვარ და აქციებით არ ვიმუქრები. ჩემი საქმე სამართლებრივად მუშაობაა. სასამართლოზე მე ვთქვი, რომ წინა დღეებში კლუბის მფლობელები, ერთ-ერთს მგონი ნაჯა ქვია, ამბობდნენ, რომ თუ მოსამართლე არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, გაიმართებოდა აქციები. ეს იყო შანტაჟი და ზეწოლა სასამართლოზე", - ამბოობს მესხი. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბ ბასიანის დაცვის წევრების დაჭრაში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე აქციები დააანონსა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიდა. 

კლუბ ბასიანის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, რომელმაც ქვლივიძე 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. 

შსს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული "ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილია". მისივე თქმით, მან დაცვის წევრები და პოლიციელები იმის გამო დაჭრა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ორაშვილი Facebook-ში წერს, რომ "ახალგაზრდამ სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო".

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული თამაზ ქვლივიძე თბილისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები