ბიტკოინი

ბიტკოინმა ერთ თვეში ღირებულების 48% დაკარგა

Getty Images

ერთი თვის წინ, 2017 წლის 17 დეკემბერს ბიტკოინმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ერთი ბიტკოინი $19,841 დოლარი ღირდა, ახლა კი ბიტკოინი $10,450-ად ივაჭრება. ბიტკოინთან ერთად საშუალოდ 30%-ით არის შემცირებული ყველა სხვა კრიპტოვალუტის ღირებულებაც.

უკანასკნელი გაუფასურების მიზეზი სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის განცხადება აღმოჩნდა. მინსტრ კიმ დონგ-იონგის თქმით, სამხრეთ კორეა განიხილავს შესაძლებლობას არალეგალურად გამოაცხადოს კრიპტოვალუტის გარიგებები. ქვეყანას აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

კომენტარები