იმუნიზაცია

გამყრელიძე: არ ყოფილა ფორმულირება, რომ უნდა ამოღებულიყო საფრთხის შემცველი ვაქცინა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დაადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ ყოფილა ფორმულირება, რომ უნდა ამოღებულიყო საფრთხის შემცველი ვაქცინა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"არ არის ასეთი ფორმულირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ ქარხანას, რომელიც აწარმოებდა ამ ვაქცინას, მოუხსნა რეკვალიფიკაცია და მისცა რეკომენდაცია, თანდათან გამოეთხოვათ ეს ვაქცინა", - აცხადებს გამყრელიძე აუდიტის სამსახურის განცხადების პასუხად, სადაც მითითებულია, რომ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა".

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც "დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულება, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი". დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელი ხაზს უსვამს, რომ აუდიტის სამსახური დაეთანხმა არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ "ეს საკითხი მოიხსნებოდა".

"არ მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. ამაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის აღნიშნული, რომ ეს არის ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ კალენდრის მიხედვით. ცოფი, მოგეხსენებათ, გახლავთ 100%-ით სასიკვდილო დაავადება. თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერ-ჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი, ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა, უმჯობესდება აცრები მთლიანად და მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო", - განაცხადა გამყრელიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29,222 დოზის ოდენობით", - წერია სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საქმეზე დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ და მის შესახებ სრულად აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით კი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჰქონდა რეკომენდაცია ცოფის კონკრეტული ვაქცინაციის ამოღებასთან დაკავშირებით და ის თვენახევარში ჩანაცვლდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინა ქვეყანაში 2015 წელს ყველა იმ წესის დაცვით შემოვიდა, რასაც კანონი ითვალისწინებს და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ პრეპარატი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული და შემოტანიდან ამოღებამდე პროცესში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები