NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 81% ქალებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ოჯახში ძალადობას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემაა. ოჯახში ძალადობა პრობლემად არ მიაჩნია 16%-ს.

72%-ის აზრით, საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის პრობლემაა - ადრეული ქორწინება, რაც პრობლემად არ მიაჩნია გამოკითხულთა 24%-ს.

56% კი საქართველოში ქალებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად არასასურველ სექსუალური ხასიათის ზეწოლას ასახელებს, მათ აზრს არ იზიარებს გამოკითხულთა 26%.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობა ქალების ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნიათ გამოკითხულ მამაკაცებსაც - 77%. შემდეგ მოდის ადრეული ქორწინება - 69%, შემდეგ კი არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა -54%. 

NDI-ის კვლევის მონაწილეთა ერთი და იგივე რაოდენობას მიაჩნია ქალების პრობლემად საბავშვო ბაღების ნაკლებობა და ქალების სიმცირე პოლიტიკაში - 53%. თუმცა, გამოკითხულ ქალებს შორის პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხი მესამე ადგილზეა - ქალების 58%-ს პრობლემად სწორედ ეს მიაჩნია.


ფოტო: NDI

პრობლემათა ჩამონათვალში ასევე მოხვდა ის, რომ ქალებს მემკვიდრეობით არ აძლევენ ოჯახის ქონებას (47%), რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა (46%), დეკრეტული შვებულების ცუდი პირობები კერძო სექტორში (45%), რეპროდუქციული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა (45%), დამსაქმებლებს, სამსახურში ქალის დასაქმებას, მამაკაცის აყვანა ურჩევნიათ (39%), დეკრეტული შვებულების ცუდი პირობები საჯარო სექტორში (38%), ქალებს ხელმძღვანელის პოზიციაზე არ ასაქმებენ (36%), ქალებს არ უხდიან იმდენს, რამდენსაც მის კოლეგებს (30%).

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები