NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 49% პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღებას მხარს უჭერს

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის მიხედვით, 49% პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას მხარს უჭერს. 14% აღნიშნულ ცვლილებებს სრულად უჭერს მხარს, 20% არ უჭერს, ხოლო 6% საერთოდ არ უჭერს მხარს. ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს 10%-ს.

NDI აღნიშნავს, რომ რესპონდენტებს წაუკითხეს განმარტება: გენდერული კვოტა არის დროებითი ზომა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიაში შეიყვანონ ორივე სქესის კანდიდატების (ძირითადად ქალების) გარკვეული რაოდენობა. ამ გზით გაიზრდება ქალების რიცხვი პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზე.

კვოტებს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ქალებს შორის ჰყავს - 69%. გამოკითხული კაცების 58% ასევე უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას. რაც შეეხება უარყოფით განწყობებს, კვოტების წინააღმდეგია კაცების 30% და ქალების კი 22%.

აღსანიშნავია, რომ გენდერულ კვოტას ყველაზე მეტი მხარდამჭერი პატარა ქალაქებში ჰყავს (70%), შემდეგ დიდ ქალაქებში (68%), შემდეგ სოფლებში (67%), შემდეგ კი თბილისში (64%). ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი კვოტირებას უმცირესობათა დასახლებებში ჰყავს (40%).

რაც შეეხება გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით უარყოფით განწყობებს, ის ყველაზე მეტი თბილისშია. დედაქალაქში კვოტებს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 31%, შემდეგ მოდის უმცირესობათა დასახლებები - 27%, შემდეგ პატარა ქალაქები (24%), სოფელი (23%) და დიდი ქალაქები (22%).

კითხვაზე - "რამდენად უჭერთ ან არ უჭერთ მხარს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას", პასუხს "არ ვიცი" ყველაზე ხშირად ამბობენ უმცირესობათა დასახლებებში - 32%.

გამოკითხულთა 44%-სთვის პარლამენტში ქალისა და კაცის საუკეთესო გადანაწილება იქნებოდა - 50% ქალი, 50% კაცი; 37%-სთვის კი - 30% ქალი, 70% კაცი. 6% მიიჩნევს, რომ პარლამენტში ქალების რაოდენობა მხოლოდ 10% უნდა იყოს, კაცების კი 90%.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 57%-ის აზრით, საკრებულოებში ქალთა რაოდენობა, 13% ძალიან ცოტაა. 37%-ის აზრით, ეს საკმარისია, 1%-ის აზრით კი ძალიან ბევრია.

რაც შეეხება მერების რაოდენობას, არჩეული 64 მერიდან 1 ქალი მერი ძალიან ცოტად მიაჩნია გამოკითხულთა 76%, საკმარისად 17%-ს, 1%-ის აზრით კი, ძალიან ბევრია.

ამასთან, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ. საწინააღმდეგო მოსაზრებაზეა 36%.

მონაცემები განსხვავებულია შემდეგი კითხვის შემთხვევაში - თანასწორად მიიჩნევენ თუ არა ქალი პოლიტიკოსები მამაკაც პოლიტიკოსებს. 59%-ის პასუხია "დიახ", 22%-ის კი "არა".

NDI-ის​ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები