Human Rights Watch-ის ანგარიში

Human Rights Watch: საქართველო აგრძელებს ულმობელ ნარკოპოლიტიკას

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიში საქართველოს მიმართ კრიტიკულია. დოკუმენტის პირველივე აბზაცში ნათქვამია, რომ მმართველმა ქართული ოცნების მთავრობამ 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელა მიზნით, დასრულებულიყო საქართველოს საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეფორმა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ჩატარდა. "ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ უცვლელი დატოვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. საქართველო ინარჩუნებს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკას ნარკომომხმარებლების მიმართ. შემაშფოთებელია ვითარება სხვა სფეროებში, მათ შორის პერსონალური და შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლგბტ ადამიანების უფლებების კუთხით". 

ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის, ბირჟა მაფიას და რუსთავი 2-ის საქმეებიც.

Human Rights Watch წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება 2017 წელსაც აგრძელებდა ულმობელ ნარკოპოლიტიკას მაშინ, როდესაც მკურნალობაზე წვდომა შეზღუდულია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების პასუხად, რომლის მიხედვითაც მარიხუანას ფლობაზე პატიმრობა არაკონსტიტუციურია, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა და დაადგინა კანონიერი ოდენობა - 70 გრამი, მაგრამ პატიმრობა შენარჩუნდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაზე. ნარკოდანაშაული ხშირად სრულდება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ხელისშემშლელი ჯარიმებით და სხვა უფლებების შელახვით. პოლიცია ათასობით ადამიანს აიძულებს, ჩაიტაროს ნარკოტესტირება, ზოგ შემთხვევაში მათ ამ მიზნით 12 საათსაც აკავებს". 

ორგანიზაცია საუბრობს ბირჟა მაფიას საქმეზეც.

"ივნისში პოლიციამ დააკავა ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით. დაკავებულები ირწმუნებოდნენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი მათ ჩაუდო იმ ვიდეოს გამო, რომელშიც პოლიციელი იყო გაშარჟებული. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ, ხელისუფლებამ ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა და პოლიციის მიმართ მათი ბრალდებების გამოძიება დაიწყო. ანგარიშის მომზადებისთვის არც ერთი საქმე არ დასრულებულა". 

კომენტარები