აშშ

ტილერსონი: აშშ-ის სამხედრო ძალები სირიაში კონფლიქტის სრულად გადაჭრამდე უნდა დარჩეს

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით აშშ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად სირიაში მიმდინარე მოვლენებში როგორც დიპლომატიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით ჩართული უნდა იყოს.

"აშშ-სათვის მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფო და ალ ქაიდა არ წარმოადგენენ სტრატეგიულ საფრთხეებს. საფრთხე, რომელსაც ვგულისხმობ ძირითადად ირანია. მოკლედ, სირია კვლავ რჩება მწვავე სტრატეგიულ საფრთხედ." თქვა მან ოთხშაბათს სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

ტილერსონის თქმით ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში ახალ სტრატეგიას მიმართავს, რაც საბოლოო ჯამში ბაშარ ალ-ასადის ძალაუფლებაში დარჩენის გარეშე სიტუაციის პოლიტიკური გზებით გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ტილერსონის თქმით სირიაში ამერიკული ძალების დატოვება აუცილებელია, რათა კვლავ არ შეიქმნას ის ვაკუუმი, რაც 2011 წელს აშშ-ის ერაყიდან გასვლას მოჰყვა და რამაც ხელი შეუწყო რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების გაძლიერებას.

"ამჟამად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ერთი ფეხი სამარეში აქვს. სირიაში ამერიკული ძალების ყოფნის მათ სრულ განადგურებამდე გახანგრძლივებით მალე ორივე ფეხი სამარეში ექნებათ."

"როგორც არასტაბილური სახელმწიფო, რომელიც ისრაელს ესაზღვრება, სირია ირანისათვის სასურველ შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტის გადაჭრამ ირანი არ დაახლოვოს რეგიონზე კონტროლის გავრცელების საკუთარ მიზნებთან."

"ასადის ხელისუფლებაში დარჩენა დამატებით კონფლიქტებს გააღვივებს და ქიმიური იარაღის გამოყენების რისკს გაზრდის."

"ასადის რეჟიმი აშკარად ხედავს რუსეთს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტორს."

"რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი დაარწმუნოს ასადის რეჟიმი კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის პროცესში." თქვა მან.

ტილერსონის თქმით აშშ-ის შორს მიმავალ გეგმას წარმოადგენს მოკავშირეებთან ერთად სირიის სტაბილიზაციაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ტერიტორიის განაღმვაში, ელექტრომომარაგების აღდგენაში, სასმელი წყლის და სხვა საჭირო პროდუქტების მიწოდებაში. მისი თქმით ამისათვის საჭირო იქნება არა მხოლოდ უშუალოდ დახმარების ინიციატივები, არამედ აშშ-ის სამხედრო ძალების რეგიონში ყოფნაც.

კომენტარები