Human Rights Watch-ის ანგარიში

Human Rights Watch საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებ

ტაბულა

Human Rigts Watch 2017 წლის ანგარიშში ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტში საუბარია კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლის საკითხზე, 17 მაისის აქციაზე, ბათუმში ლგბტ პირებზე თავდასხმის ფაქტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კანონის ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახენ, რომელიც რომელიც გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაციას უკრძალავდა.

ანგარიშში წერია: "ახალ კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. ამით გამყარდა დეფინიცია, რომელიც წლებია სამოქალაქო კოდექსში არსებობს. ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის გამოყენებით ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის განმტკიცება შესაძლოა ჰომოფობიური განწყობების გაძლიერების მიზეზი გამხდარიყო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს პუნქტი არ უნდა განხილულიყო, როგორც სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა და საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს ერთნაირსექსიანთა სამოქალაქო პარტნიორობის სამართლებრივად აღიარების საფუძვლები. 

მაისში, ლგბტ უფლებების აქტივისტების და მხარდამჭერების მცირე ჯგუფი​ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად  მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბა. შეკრების უსაფრთხოება განსაკუთრებულად იყო დაცული. პოლიციამ ორი მხრიდან დაბკოლა აქციის ადგილამდე მისასვლელი, სადაც ისინი მუნიციპალური ავტობუსებით მიიყვანა და ესკორტით მიაცილა. 

აგვისტოში დაუდგენელმა ადამიანებმა ბათუმში შეურაცხყოფა მიაყენეს სამ ტრანსგენდერ ქალს და ორ ლგბტ აქტივისტს, ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" წევრებს, ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუციანს. თავდამსხმელების გამონათქვამები ჰომოფობიური იყო. პოლიცია ახლოს იმყოფებოდა, თუმცა მათ შესაჩერებლად არაფერი გააკეთა, პირიქით, მათ ბერიანიძე და კუციანი წააქციეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომდევნო დღეს კი სასამართლომ კუციანი და ბერიანიძე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა. უფლებათა დამცველებმა და ომბუდსმენმა მომხდარის დროული გამოძიება მოითხოვეს თავდასხმის ჰომოფობიური ბუნებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო. ხელისუფლებამ შიდა მოკვლევა დაიწყო, რომელიც HRW-ის ანგარიშის მომზადების დროს დასრულებული არ ყოფილა. 

ივლისში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონში ჩანაწერი, რომელიც გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაციას უკრძალავდა". 

2017 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დღეს გამოაქვეყნა. საქართველოს ნაწილში ორგანიზაცია ლგბტ უფლებების გარდა სხვა საკითხებზეც საუბრობს და რამდენიმე მოვლენას კრიტიკულად აფასებს: დოკუმენტის პირველივე აბზაცში ნათქვამია, რომ მმართველმა ქართული ოცნების მთავრობამ 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელა მიზნით, დასრულებულიყო საქართველოს საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეფორმა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ჩატარდა. "ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ უცვლელი დატოვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. საქართველო ინარჩუნებს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკას ნარკომომხმარებლების მიმართ. შემაშფოთებელია ვითარება სხვა სფეროებში, მათ შორის პერსონალური და შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლგბტ ადამიანების უფლებების კუთხით". 

კომენტარები