Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: მუშაობის დროს ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება პასუხისმგებლობით

bpn.ge

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში საქართველოში სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვის ფაქტები მოხვდა. 

"ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები. სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით". 

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიში საქართველოს მიმართ კრიტიკულია. დოკუმენტის პირველივე აბზაცში ნათქვამია, რომ მმართველმა ქართული ოცნების მთავრობამ 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელა მიზნით, დასრულებულიყო საქართველოს საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეფორმა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ჩატარდა. "ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ უცვლელი დატოვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. საქართველო ინარჩუნებს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკას მომხმარებლების მიმართ. შემაშფოთებელია ვითარება სხვა სფეროებში, მათ შორის პერსონალური და შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლგბტ ადამიანების უფლებების კუთხით". 

ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის, ბირჟა მაფიას და რუსთავი 2-ის საქმეებიც.

კომენტარები