ენერგეტიკა

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

0 კომენტარი

ფოტო: Reuters

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა. 

EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წლიდან უნდა დაეწყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნენსკრაჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის 31 აგვისტოს გახსნა.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO-ა, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. 

ჰესი მისი ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, რის შემდეგაც ინვესტორმა კომპანიამ ის სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

კორეული კორპორაცია K water ფლობს $20 მილიარდის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა $2 მილიარდს შეადგენს. კორეის გარდა, კორპორაცია პროექტებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი კი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა, სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. მისი აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და, ნაწილობრივ, თელასის აქციებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები