NDI-ის კვლევა

გვარამია: ევროპულმა საქართველომ ნათლისღებას ჩამოკრა

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპული საქართველოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც 18 იანვრის 9-საათიან კურიერში, NDI-ს შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ეხება.

"პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს - ნათლისღებას ჩამოკრეს :)) ყოჩაღ, სტრასბურგში გამოიყენოს იქნებ მთავრობამ რ2-ის წინააღმდეგ - მარტო ჩვენი ნარატივი არაა, აგერ საპარლამენტო უმცირესობაც იგივეს ამბობსო" - წერს გვარამია Facebook-ში.

ევროპული საქართველოს განცხადებით, NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით 9-საათიან კურიერში გასულ სიუჟეტში საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა. პარტიის შეფასებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსთავი 2-ს ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესებშია.

“საავტორო ტექსტი - "შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული ქართული ოცნების რეიტინგი, ძალიან მცირედით ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული ევროპული საქართველოს მაჩვენებელი.”

ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია, როგორ გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2% -იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში ევროპული საქართველოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, ქართულ ოცნებას 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას, კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი 17.04% მიიღეს" - აცხადებს ევროპული საქართველო.

პარტია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება, ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ამასთან, ევროპული საქართველოს განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის.

"მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესშია" - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 10% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 3% - ევროპულ საქართველოს. რაც შეეხება კითხვას, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს", 31% ასახელებს "ქართულ ოცნებას", 10% - ენმ-ს, 4% - ევროპულ საქართველოს, 3% - პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები