ინციდენტი კლუბ ბასიანთან

NGO-ები: "ბასიანის“ ინციდენტი სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კლუბ "ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მათი განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

"საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ინფორმაციისთვის, ბადრი შონია იგივე მოსამართლეა ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ „ბირჟა მაფიის” წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა  მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო" - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, ეჭვები განსაკუთრებით იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული "პრივილეგირებული ოჯახის” წევრია.

"ეს ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი" - აღნიშნავენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება".

განცხადების ხელმომწერები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საფარი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

13 იანვარს, კლუბ "ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1990 წელს დაბადებულმა თამაზ ქვლივიძემ კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ინციდენტში მონაწილე მეორე პირი კი, ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლა. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვალა.

კომენტარები