ინციდენტი კლუბ ბასიანთან

შონია: ქვლივიძე ინანიებდა და აღიარებდა, ბირჟა მაფიას საქმე მძიმე დანაშაულს ეხებოდა

მოსამართლე ბადრი შონიას თქმით, მან მიიჩნია, რომ თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება სავალდებულო არ იყო, "ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი". 

თამაზ ქვლივიძეს ბრალად 13 იანვრის ღამეს კლუბ ბასიანის დაცვის 3 თანამშრომლის და 1 პოლიციელის დაჭრა ედება. პროკურატურა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა შონიამ ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქვლივიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით რამდენიმე დღის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.

მოსამართლე ბადრი შონია არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო ჩარევის შესახებაც ისაუბრეს. 

განცხადებაში ნახსენები იყო ბირჟა მაფიას საქმეც - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ ბირჟა მაფიის წევრებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, 9 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად რეპერები ამბობდნენ, რომ ნარკოტიკები არ ჰქონდათ და მათი დაკავება ვიდეო კლიპს უკავშირდებოდა, რომელშიც პოლიციელი იყო გაშარჟებული - მუხლებზე იდგა და ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული. 

ბადრო შონიამ თქვა, რომ ბირჟა მაფიას საქმე მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნებოდა.

"რაც შეეხება ბირჟა მაფიას, იქ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან იყო საქმე, საქმე ითვალისწინებდა უვადოდ თავისუფლების აღკვეთასაც", - თქვა შონიამ. 

კომენტარები