თურქეთი-სირია

თურქეთის ძალებმა სირიის ქალაქ აფრინში ქურთული პოზიციები დაბომბა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

თურქეთმა სირიაში, ქალაქ აფრინთან აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი ქურთული ძალების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო" თურქეთის საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შემუშავდა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით საჰაერო დარტყმები ოპერაციის პირველი ფაზა იყო და მას საარტილერიო ცეცხლი მოჰყვება. განცხადების მიხედვით საჰაერო თავდასხმებმა 108 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის საწყობები.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 მებრძოლი.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თურქეთთან ერთად რუსეთსაც ეკისრება.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თურქეთის არმია თავდასხმას რუსეთის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალებთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელებდა. შესაბამისად, როგორც თურქეთის საოკუპაციო ძალებს, ასევე რუსეთს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისათვის."

აშშ-მა თურქეთს მოუწოდა საკუთარი ძალები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართოს. მათი განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები უცნობია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთს თავშეკავებისაკენ მოუწოდა და განაცხადა რომ აფრინის მიმდებარედ საკუთარი ძალები "მოსალოდნელი პროვოკაციების და რუსი სამხედროებისათვის საფრთხის შექმნის თავიდან ასარიდებლად" სხვა პოზიციებზე გადაიყვანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები