თურქეთი-სირია

თურქეთმა აფრინში სამხედრო ტექნიკა, სპეცრაზმი და ქვეითი ჯარი შეიყვანა

Reuters

თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებთან ბრძოლის ფარგლებში თურქული სახმელეთო ძალები ქალაქ აფრინში შევიდნენ.

მისი თქმით თურქეთი აფრინთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის დამყარებას აპირებს.

თურქული მედიის ინფორმაციით აფრინში ტანკები, სპეცრაზმი და ქვეითი ჯარი შევიდა. ოპერაციაში "სირიის თავისუფალი არმიაც" მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო" თურქეთის საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შემუშავდა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით საჰაერო დარტყმები ოპერაციის პირველი ფაზა იყო და მას საარტილერიო ცეცხლი მოჰყვება. განცხადების მიხედვით საჰაერო თავდასხმებმა 108 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის საწყობები.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 მებრძოლი.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით აფრინის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთით, აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი ქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯისაკენ გადაინაცვლებს.

კომენტარები