მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: კიევის სააპელაციო სასამართლო ჩემი დეპორტაციის საკითხს განიხილავს

facebook: Mikheil Saakashvili

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხვალ, 22 იანვარს, დილის 10 საათზე კიევის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ. მან უკრაინის ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლო ხვალ მისი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"უკრაინის ხელისუფლება მე თავის მთავარ პრობლემად მიმიჩნევს. მათ არ უნდათ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, არსებული პრობლემების შესახებ ხმა ავიმაღლოთ და კორუფციას ვებრძოლოთ. მხარდაჭერისთვის ევროპის ქვეყნებსაც მოვუწოდებ. მე უკრაინისთვის ბრძოლას ვაგრძელებ ექსტრადიციის და დაკავების საფრთხეების მიუხედავად", - ამბობს სააკაშვილი. 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია. მას შემდეგ ის უკრაინაში იმყოფება და პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავს.

სააკაშვილის დაკავება უკრაინაში ორჯერ სცადეს. ერთხელ მან სპეცრაზმი გაარღვია, მეორედ კი სასამართლომ გაათავისუფლა.

ქართულმა მხარემ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით 1 სექტემბერს მიმართა. უკრაინულმა მხარემ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე ერთხელ უარი თქვა.

რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო კიევში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, მათ ექსტრადიციის საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა ისაუბრეს თუ არა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ, ცნობილი არ არის.

კომენტარები