სირია

საფრანგეთი სირიის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

BBC

საფრანგეთი, სირიაში არსებული ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ტვიტერზე დაწერა. 

"სირია: გუტა, იდლიბი, აფრინი - საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს".

საფრანგეთი ასევე ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და შეუზღუდავ ჰუმანიტარულ წვდომას. 

თურქეთმა სირიაში, ქალაქ აფრინთან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო" თურქეთის საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შემუშავდა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, საჰაერო დარტყმები ოპერაციის პირველი ფაზა იყო და მას საარტილერიო ცეცხლი მოჰყვება. განცხადების მიხედვით, საჰაერო თავდასხმებმა 108 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის საწყობები.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 მებრძოლი.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თურქეთთან ერთად რუსეთსაც ეკისრება.

კომენტარები