შუა აღმოსავლეთი

ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში მაიკ პენსი ისრაელში ჩავიდ​ა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი უკვე ისრაელშია. მაიკ პენსს თელ ავივის აეროპორტში ისრაელის ტურიზმის მინისტრი დახვდა. ისინი იერუსალიმში გაემგზავრნენ, სადაც ვიცე პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ნეთანიაჰუმ პენსს რამდენიმე დღის წინ "დიდი მეგობარი" უწოდა. 

შუა აღმოსავლეთში ვიზიტი მაიკ პენსმა ეგვიპტეში დაიწყო, შემდეგ კი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის მეფე აბდულას შეხვდა. მეფემ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს უთხრა, რომ ვაშინგტონმა ნდობის აღდგენისთვის უნდა იმუშაოს. მეფე აბდულამ ასევე თქვა, რომ იორდანია ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს აღიქვამს, როგორც არასტაბილურობის პოტენციურ საფრთხეს და შეშფოთება გამოხატა, რომ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება არ მიღებულა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების შედეგად, აღმოსავლეთ იერუსალიმი კი პალესტინის სახელწიფოს მომავალი დედაქალაქი უნდა იყოს.  

ფოტო: Reuters

ეს აშშ-ის ოფიციალური პირების პირველი დიდი ვიზიტია აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან გადატანის შესახებაც განაცხადა. 

იორდანიამ აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილი და დასავლეთ სანაპირო 1967 წელს, ისრაელისა და გაერთიანებული არაბული ქვეყნების ექვსდღიანი ომის დროს დაკარგა. 

მაიკ პენსი აღმოსავლეთის ტურს ისრაელში ვიზიტით დაასრულებს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე ისრაელის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და დასავლეთის კედლის მონახულებას გეგმავს. 

მაიკ პენსს პალესტინელ ლლიდერებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. ისინი შეაშფოთა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შესახებ, ვინაიდან ამან თავდაყირა დააყენა აშშ-ის მრავალწლიანი პოზიცია, რომ ქალაქის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები