ტერორიზმი

ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით, სუს-მა კიდევ ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

სუს-ის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

"დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

თავად ზურაბ გორნიკაშვილი სუს-მა პანკისის სპეცოპერაციის დროს, ხოლო ზურაბ იდოიძე - 9 იანვარს დააკავა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა". 

დაკავებულების მიმართ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ და/ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები