საპენსიო რეფორმა

მთავრობა: საპენსიო სისტემაში ვინც არ ჩაერთვება - დაჯარიმდება

"დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, - იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით", - წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას ისახავს მიზნად. მთავრობის გეგმით, აღნიშნული სისტემა 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.

თუ პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის კანონი მიიღო, 40 წლამდე პირებს სისტემაში გაწევრიანება და საკუთარი ხელფასის 6%-ის საპენსიო ფონდში გადარიცხა იძულების წესით მოუწევთ.

ამ კანონის მეშვეობით შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო საპენსიო ფონდი, რომელიც იძულებით დაგროვებულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

რეფორმის სქემა:

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

რა არის დამსაქმებლის 2% და რატომ აძვირებს რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალას

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  • დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  • დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  • ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

არის თუ არა დამსაქმებლებისთვის სავალდებულო შენატანის დაწესება ახალი გადასახადის შემოღება

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის დაწესება, ან უკვე არსებული გადასახადების დონის ზრდას რეფერენდუმი ესაჭიროება. ეს კონსტიტუციითა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით არის განსაზღვრული.

საპენსიო რეფორმით წარდგენილი პროექტი მოსახლეობისა და დამსაქმებლის პერსპექტივიდან გამომდინარე ცხადია ახალი გადასახადის დაწესებაა, თუმცა სამართლებრივად ამის დამტკიცება რთულია. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, გადასახადი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ თანხას, რომელსაც მოქალაქეები და მეწარმეები სახელმწიფოს წინაშე იხდიან და რომელიც საბიუჯეტო პროცესის მეშვეობით იხარჯება. საპენსიო შენატანი კი, იმის გამო, რომ ის ქვეყნის ბიუჯეტში არ ხვდებდა და მოქალაქეებს ის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან უბრუნდებათ, გადასახადის დადგენილ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ამ სარგებელს იღებს არა დამსაქმებელი, არამედ დასაქმებული, შესაბამისად დამსაქმებლისთვის ამ ვალდებულების დაკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხარჯებს ზრდის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მეექვსე მუხლი:

"გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე."

სად წავა ეს ფული?

კანონპროექტის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში "საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში" - ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის ფულის უდიდესი ნაწილი განთავსდება მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ანუ მთავრობის შიდა ვალში. მეტიც, ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგაც, დაზოგილი თანხის ნახევრის სამთავრობო შიდა ვალში ჩადება იქნება შესაძლებელი. ფონდის დანარჩენი აქტივები კი, კერძო რესურსებში უნდა ჩაიდოს.

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფო დათმობაზე მიდის, როდესაც საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი კონტრიბუტორი ხდება და საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულ 2%-ს ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მოქალაქეთა საპენსიო ფონდში მიმართავს. სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის, რადგანაც რეფორმიდან მთავრობა იმაზე დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ის 2%-ია, რასაც კონტრიბუციის სახით გასცემს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაზოგილი თანხა ჩაიდება შიდა ვალში. 

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით საქართველოს ეკონომიკიდან სესხულობს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს. დღეისთვის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ძირითადად კომერციული ბანკები ყიდულობენ.

რეფორმის პროექტის მიხედვით კი, მთავრობას სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გაზრდა შეეძლება, რადგანაც ამ ობლიგაციებს საპენსიო ფონდის სახით სტაბილური მყიდველი ეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ საპენსიო რეფორმა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

რატომ არის შიდა ვალი პრობლემა

მთავრობასა და კერძო ინსტიტუციებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება არის ის, რომ სახელმწიფო მოგებაზე ორიენტირებული არაა. სახელმწიფოსთვის შემოსავლის მიღების რამდენიმე წყარო არსებობს, რომელთაგან უმთავრესი საგადასახადო შემოსავლებია. შემოსავლის მიღების სხვა წყაროებია საგარეო და შიდა ვალი.

ვალი არის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ მომავალში უნდა გადაიხადოს. კომერციული ორგანიზაციისგან განსხვავებით, რომელიც ვალის გასტუმრებისთვის საკუთარი პროდუქციის/სერვისის რეალიზაციით მიღებულ თანხას იყენებს, სახელმწიფოსთვის ვალის გასტუმრების მთავარი წყარო ისევე საგადახადაო შემოსავალია.

თუ მთავრობამ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ვალად აიღო, მომავალში ამ ვალის გასტუმრებისთვის, მან შესაძლოა, გადასახადები გაზარდოს, რაშიც მას კონსტიტუციაც ვერ შეუშლის ხელს. კონსტიტუციის მუხლი, რომელიც რეფერენდუმის გარეშე გადასახადის ზრდას გამორიცხავს, ქართული ოცნების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მხოლოდ 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, 12 წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობას გადასახადების გაზრდა შეეძლება.

ფონდის მოქმედების ჰიპოთეტური სქემა ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

  • 2018 წელს 1 ლარის სახით საპენსიო შენატანი შეგროვდა;
  • 2018 წელს 1 ლარი ასესხა ფონდმა მთავრობას;
  • 2018 წელს მთავრობამ ხარჯვა გაზარდა ამ 1 ლარით;
  • 2038 წელს მთავრობა ზრდის გადასახადებს 1 ლარით პლიუს 1 ლარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთით, რათა ფონდს ვალი დაუბრუნოს;
  • 2038 წელს 1 ლარს პლუს საპროცენტო განაკვეთი დაუბრუნდა საპენსიო ფონდს და აღნიშნული თანხა პენსიის სახით გაიცა.

ამ სქემის მიხედვით ფონდი ფიქციურია, რადგანაც მთავრობამ ვალის გასტუმრებისთვის გადასახადები გაზარდა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი ვალდებულება ისევ მოსახლეობას დააწვა ტვირთად. 

იმისდა მიუხედავად, რომ მთავრობამ ფონდის მიმართ ვალი დააბრუნა, ეს მაინც შეიძლება მოსახლეობის ფულის მითვისებად ჩაითვალოს, რადგანაც სახელმწიფო შიდა ვალის სახით მიღებულ თანხას საკუთარი ნებასურვილის მიხედვით ხარჯავს სხვადასხვა პროექტზე, წლების შემდგომ კი, ვალის გასტუმრებისთვის მას გადასახადების გაზრდა შეეძლება.

მთავრობის სესხების ზრდას სხვა პრობლემაც ახლავს თან. იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს, ის ამ დროს კონკურენციაში შედის ჩვეულებრივ მომხმარებლებთან (ვალის აღების მსურველ ბიზნესებთან, ფიზიკურ პირებთან) რომელთაც სესხის აღება უნდათ. ამას "გამოდევნის ეფექტი" ეწოდება. მის გამო, ქვეყანაში კრედიტის მოზიდვა რთულდება, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კი, იზრდება.

გადასახადების შესაძლო ზრდასთან ერთად არსებობს რისკი, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდში არსებული ფული კრიზისულ ვითარებაში მიითვისოს

2014 წელს პოლონეთის მთავრობამ მიითვისა საპენსიფო ფონდებში განთავსებული $39 მილიარდი დოლარი და ის სახელმწიფო ობლიგაციებში განათავსა. ამ ნაბიჯით ქვეყანა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებას ცდილობდა. 

რა შემთხვევაში და რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

რეფორმის პროექტის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

2016 წლის მდგომარეობით, მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68 წელია, ქალისთვის კი 77 წელი, ეს კი ნიშნავს, რომ დღეისთვის მამაკაცის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხა გაიყოფა 3 წელზე, ქალის კი, 12 წელზე. იმის გამო, რომ ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე და საშუალოდ უფრო მეტ ხანს არიან პენსიონრები, ვიდრე მამაკაცები, მათ მიერ მიღებული პენსიები საშუალოდ უფრო მცირე იქნება, ვიდრე მამაკაცების. იმის გამო, რომ დაზოგილი თანხა მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი თანხის იმ ნაწილზე, რომელიც პენსიონერისთვის ჯერ არ გადაცემულა, საპროცენტო სარგებლის დარიცხვას აგრძელებს.

  • პროექტის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა;
  • მოქალაქეს დაზოგილი თანხის ნაადრევად მოთხოვნის უფლება ექნება თუ ის შშმ პირი გახდება; 

უფრო ვრცლად თუ რა თანხა შეიძლება დააგროვოთ საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

კომენტარები