თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა დააკავეს

ipn

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავეს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. მანდატურის სამსახურის მტკიცებით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, წიქარიშვილმა და ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს აგური ესროლეს. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ არკვევენ, რა მუხლით დააკავეს ორი პირი. მათ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ დღეს ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის იანვარში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წარუდგინეს. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები