სამართალი

ბახალას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რამდენს უსჯიან მძიმე დანაშაულისთვის

Getty Images

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასჯელი განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როდესაც მძიმე, ძალადობრივი დანაშაულებისთვის ბრალდებული ადამიანების მიმართ გაცილებით მსუბუქი სასჯელი დგება. 

მაგალითად: 

პატიმრების წამება


2012 წლის 19 სექტემბერს ციხეებში წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. პატიმრების წამებისთვის სულ 17 პირი დააკავეს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად ბორის ფარულავას და გლდანის #8 დაწესებულების თანამშრომელს, მანუჩარ ლომთაძეს, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

საპროცესო შეთანხმებით სასჯელი 5 წლამდე შეუმცირდა ბასტის მეტსახელით ცნობილ ლევან ფხალაძეს. 

მამუკა ჩხიტუნიძეს მიესაჯა 5 წლიანი პატიმრობა. კობა ჩიკვატიას მიესაჯა 2 წლიანი პატიმრობა და 2000 ლარიანი ჯარიმა. 

გურამ ცომაიას 1 წლის და 6 თვის ვადით პატიმრობა და 2000 ლარიანი ჯარიმა.

ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილს - 6 თვიანი პატიმრობა და 2000 ლარიანი ჯარიმა.

17-ვე დაკავებულის სასჯელის მაქსიმალური ვადა 6 წლით განისაზღვრა.

განზრახ მკვლელობა
 

2014 წლის 10 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე ბინაში ტრანსგენდერი ქალს, საბი ბერიანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი მკვლელობის ნაწილში გაამართლეს და 4 წლიანი პატიმრობა ბიანკა შიგუროვას ცემისა და ცეცხლის გაჩენის გამო მიუსაჯეს. კოჭლოშვილის პატიმრობის ვადა 11 წლამდე უზენაესმა სასამართლომ გაზარდა. 


2017 წლის 13 აგვისტოს კაცმა ცოლს სანადირო იარაღიდან დამიზნებით ესროლა და მოკლა. კაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 

განზრახ მკვლელობის მცდელობა
 

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მაშინ თარგამაძე პარლამენტის დეპუტატი იყო. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც რამდენიმე თვეში 6 წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.


ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
 

2016 წლის 26 თებერვალს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრს, ალექსი პეტრიაშვის თავს დაესხნენ. მას "განსაკუთრებული სისასტიკით, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. ბეისბოლის ჯოხით სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. პროკურატურამ საქმეზე ლევან მექვაბიშვილი დააკავა, სასამართლომ კი 2016 წლის 15 ნოემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილი მექბავიშვილს "შეურიგდა" და 2017 წლის 19 ოქტომბერს მექვაბიშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა - მას სასჯელი 7 წლამდე შეუმცირდა, მათგან 3 წელი საპატიმრო სასჯელია, 4 წელი კი - პირობითი მსჯავრი. 
 

კომენტარები