გიორგი გიორგანაშვილის საქმე

ლომჯარია: 0,3726გ-ის შეძენა-შენახვისთვის მინიმალური 8 წელი ზედმეტად მკაცრი სასჯელია

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგანაშვილის საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

"გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ შემცველობის ნივთიერების შეძენა-შენახვის გამო განსაზღვრული პასუხისმგებლობა - რომლის მინიმალური ზღვარი არის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აუხსნელი და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან გასაღების რისკი, აშკარად სასტიკ და არაადეკვატურ სასჯელს წარმოადგენს." - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება

"გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციისა და პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება სამედიცინო სერვისების განვითარება, რისთვისაც შესაბამისი დრო იქნება საჭირო და აუცილებელია მალევე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები. სახალხო დამცველი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს. ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები." - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ არსებულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გაიღო და ნარკოდამოკიდებულება კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება.

"სამწუხაროდ, არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ვერ გამოიღო შედეგი და ნარკოდამოკიდებულება კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება საქართველოში, რასთან ბრძოლაც კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. არაერთ განცხადებაში და ანგარიშში აღუნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველს რეპრესიული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები, რომლებიც შეეხება მოქმედი ნარკოტესტირების მოდელის და ნარკოტიკების მომხარებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაკონსტიტუციურობას. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რადგან არსებითი განხილვა ორივე საქმეზე დასრულებულია." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ჰქონდა წარდგენილი. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეთრი ხმაურის მოძრაობამ, 25 იანვარს 18:00-ზე საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან აქცია დაანონსა.

კომენტარები