კეისი აფლეკი ბრალდებების გამო ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

კეისი აფლეკი
Getty Images

მსახიობი კეისი აფლეკი 2018 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

აფლეკმა 2017 წელს ფილმში "მანჩესტერი ზღვის პირას" შესრულებული როლისათვის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ოსკარი აიღო. ტრადიციის მიხედვით ამ დაჯილდოებაზე მას საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინა და მისთვის ოსკარი გადაეცა.

გადაწყვეტილების მიზეზი მის წინააღმდეგ 2010 წელს ორი თანამშრომლის მიერ წაყენებული სექსუალური შევიწროების ბრალდებებია.

ცერემონიის სპიკერის განცხადებით ისინი პატივს სცემენ მსახიობის გადაწყვეტილებას, რათა წარმოდგენის მთავარი ფოკუსი წლის ნამუშევრებზე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ კეისი აფლეკი ცნობილი მსახობის, ბენ აფლეკის ძმაა. ის 2010 წელს სექსუალურ შევიწროებაში პროდიუსერმა ამანდა ვაითმა და ოპერატორმა მაგდალენა გორკამ დაადანაშაულეს. მათი თქმით აფლეკი მათ გაწეული სამუშაოსათვის ანაზღაურების მიცემაზე უარს ეუბნებოდა, სანამ მასთან ღამეს არ გაატარებდნენ. მათი თქმით თანამშრომლები მათი მისამართით სექსუალური შინაარსის კომენტარებს ყოველდღიურად აფლეკის წაქეზებით აკეთებდნენ.

აფლეკი ბრალდებებს უარყოფს. მასსა და ბრალმდებლებს შორის მოლაპარაკება სასამართლოს გარეშე შედგა. მსახიობის ადვოკატის განცხადებით ბრალდებები აფლეკისათვის ფულის გამოძალვის სქემის ნაწილი იყო.

2018 წლის ოსკარების დაჯილდოება 4 მარტს ლოს ანჯელესში გაიმართება.

კომენტარები