მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

cyc.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის ყოფილ მენჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. მოსამართლე შოთა გეწაძის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება, რის საფუძველზეც დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში. მისი ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

კომენტარები