დონალდ ტრამპი

ტრამპი: მზად ვარ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის ვიდეოების გაზიარებისთვის ბოდიში მოვიხადო

ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი დავოსში
Getty Images

დონალდ ტრამპმა ITV-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის ბრიტანული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის ვიდეოების გაზიარებისათვის ბოდიში მოიხადოს.

"თუ თქვენ მეუბნებით, რომ ისინი საშინელი ხალხია, საშინელი, რასისტი ხალხი, მე ნამდვილად მოვიხდი ბოდიშს თუ ეს გსურთ." უთხრა მან გადაცემის წამყვანს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით ვიდეოების გაზიარებისას ჯგუფის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ისლამური ტერორიზმის დაგმობა სურდა.

"არ ვიცი არაფერი მათ შესახებ, დღესაც არ ვიცი, გარდა იმისა, რაც წავიკითხე, ცოტა. შეიძლება ეს დიდი ამბავია ბრიტანეთში, მაგრამ აშშ-ში ეს დიდი ამბავი არ ყოფილა" თქვა მან.

ტრამპმა ბრიტანულ ტელევიზიას ინტერვიუ შვეიცარიის ქალაქ დავოსში მისცა, სადაც ის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ტრამპი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეისაც შეხვდა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე სამი ვიდეო გააზიარა, რომლებიც ბრიტანულმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფმა ატვირთა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან არასწორი საქციელი იყო. პასუხად ტრამპმა მეის Twitter-ზე მიმართა:

"ჩემზე ნუ ფოკუსირდები, ფოკუსირდი დესტრუქციულ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმზე რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ხდება."

მიმდინარე წლის იანვარში ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვლისთვის დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. დონალდ ტრამპს ლონდონში აშშ-ის ახალი საელჩო უნდა გაეხსნა, რომლის აშენება 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდა. Twitter-ზე ტრამპმა დაწერა, რომ ახალი საელჩოს "დიდი ფანი" არ არის და მას "ცუდი გარიგება" უწოდა. მისი თქმით ძველი შენობა ობამას ადმინისტრაციამ "მიწის თხილზე" გაცვალა.

კომენტარები