თამბაქო

აქციზის ზრდის შედეგები: ოცმაგი კონტრაბანდა, ინფლაცია და 15%-ით შემცირებული მოხმარება

flickr.com

2017 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოზე გაზრდილი გადასახადი შევიდა ძალაში. ყოველ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 90 თეთრით გაიზარდა და მან 1.7 ლარს მიაღწია. თამბაქოსთან ერთად აქციზის გადასახადი საწვავზეც გაიზარდა. აქციზის ზრდამ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც პირველ რიგში ინფლაციასა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე აისახა. აქციზის გაძვირებამ ასევე კონტრაბანდის მკვეთრი ზრდაც გამოიწვია.

აქციზის ზრდის შედეგად, სიგარეტის მოხმარება 15%-ით შემცირდა:

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში 397 მილიონი კოლოფი სიგარეტი მოიხმარეს, რაც 2016 წელთან შედარებით, 14.6%-ით ნაკლებია. 

მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა 50%-ით და ელოდა, რომ თამბაქოს გაყიდვები შემცირდებოდა 8%-ით, თუმცა სინამდვილეში მთავრობის პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა და გაყიდვები 15%-ით შემცირდა, შესაბამისად ფასის ცვლილებაზე მოსახლეობის რეაქცია იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა. 

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა.

გაზრდილი ინფლაცია

სახელმწიფოს მიერ თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდამ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, რაც ინფლაციის ზრდას უკავშირდება. თამბაქო საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომხმარებლო პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისმა 0.9- 1.1 ლარის ფარგლებში გაძვირებამ ქვეყანაში ინფლაციის ზრდაც გამოიწვია და ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც 2017 წელს ინფლაცია სამიზნე 4%-იან მაჩვენებელზე მაღალი იყო და ის საშუალოდ 6.5%-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ ამ 6.5%-დან 2.5% სწორედ თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება. 

20-ჯერ გაზრდილი კონტრაბანდა

აქციზის ზრდამ კონტრაბანდის რისკი გაზარდა, BPN-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა.

2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685 კოლოფი. 

დაუნთრეიდინგი:

დაუნთრეიდინგი არის პროცესი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადადიან. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყიფითი გავლენისგან დაიცვას მოსახლეობა, პირიქით, გაზრდილი ზიანით იცვლება, რადგანაც ზოგადად დაბალხარისხიანი თამბაქოს ნაწარმი უფრო ძვირიან ალტერნატივებთან შედარებით უფრო მავნებელია.

კომენტარები