ბავშვთა უფლებები

სააგენტო: ბაშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, სოც. მუშაკი მათთან მუშაობს

რუსთავი 2

ლენტეხში მცხოვრები დევნოზაშვილების ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთან 2010 წლიდან მუშაობენ და სოციალური მუშაკი მათ ყოველთვიურად ამოწმებს. 

გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ლენტეხში კაცს 8 შვილი სახლში ჰყავს ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან უფროსი 21 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ, ვინაიდან მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბავშვები სკოლაში მშობლების გადაწყვეტილებით არ დადიან და სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა არ აქვთ, განათლებას კი სახლში იღებენ. უწყებისვე ცნობით, დევნოზაშვილებს 2011 წელს მშობლობის უფლება შეზღუდული ჰქონდათ, თუმცა "ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან". 

ტაბულა სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ლენტეხში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე აგრძელებს ყოველთვიურ ვიზიტებს ოჯახში.

ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11 წევრი: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.

მშობლების  გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან და არა აქვთ სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა. ისინი განათლებას იღებენ ოჯახში მშობლების დახმარებით. დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში. 2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტები და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია.

ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურს-ცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ოჯახში ვიზიტები განახორციელეს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად მშობლები არ იცვლიან აზრს ბავშვების განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა აღსრულება და ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიკური გარემოსა და ბევრი ფაქტორის გამო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან. გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით ეს მეცადინეობებიც შეწყდა.

მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ექიმს. ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე.

რაკი ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, სოციალურმა სამსახურმა იმუშავა ოჯახის გაძლიერების მიმართულებებით და ყველა პროგრამაში ჩართო ოჯახი. დევნოზაშვილები ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. უმცროსი ბავშვი  სარგებლობდა კვების ვაუჩერით 12 თვის განმავლობაში 2010-2011 წლებში. 2014 წელს ოჯახმა მიიღო დახმარება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახი იღებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ჩართული არიან მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში და იღებენ მათთვის აუცილებელ მედიკამენტებს", - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტო. 

კომენტარები