ბავშვთა უფლებები

შს მინისტრის მოადგილე: ბავშვები შინაპატიმრობაში არიან თუ არა, გამოძიება დაადგენს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლენტეხში მცხოვრები დევნოზაშვილების ოჯახის საქმეზე გამოძიება დაადგენს ჰყავს თუ არა მამას 8 შვილი შინაპატიმრობაში.

ნათია მეზვრიშვილი ასევე აცხადებს, რომ გამოძიება იძულების მუხლით დაუყოვნებლივ დაიწყო.

"ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ - დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი. საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია, არასრულწლოვნები არიან ამ პროცესებში ჩართულები და შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს", - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

კითხვას იმის შესახებ, გამოძიების დასრულებამდე 8 ადამიანი იქნება თუ არა შინაპატიმრობაში, ნათია მეზვრიშვილი პასუხობს:

"ეს ადამიანები შინა პატიმრობაში იმყოფებიან თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. იმიტომ დაიწყო  გამოძიება, რომ დავადგინოთ, არიან თუ არა შინაპატიმრობაში".

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს როდის დაიწყო უწყებამ გამოძიება.

"როგორც კი ცნობილი გახდა, დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება", - ამბობს მეზვრიშვილი და არ პასუხობს კითხვას - "როდის გახდა ცნობილი?".

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უწყებაში შექმნილი ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფარგლებში, მზად არიან ყველას მოუსმინონ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლენტეხში კაცს 8 შვილი სახლში ჰყავს ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან უფროსი 21 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ, ვინაიდან მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბავშვები სკოლაში მშობლების გადაწყვეტილებით არ დადიან და სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა არ აქვთ, განათლებას კი სახლში იღებენ. უწყების ცნობითვე, დევნოზაშვილებთან 2010 წლიდან მუშაობენ და სოციალური მუშაკი მათ ყოველთვიურად ამოწმებს.​ სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დევნოზაშვილებს 2011 წელს მშობლობის უფლება შეზღუდული ჰქონდათ, თუმცა "ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები