აფგან მუხთარლის საქმე

არასამთავრობო ორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პროკურატურასთან შეხვედრას ითხოვენ

0 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან შეხვედრას ითხოვენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მუხთარლის გატაცების არაეფექტიანი გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს. 

"აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ,"- წერია 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ მთავრობას, რომ გასაჯაროვდეს მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის დეტალები. მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული გატაცების სავარაუდო ადგილიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. 

ამასთან, ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურას შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

  • უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება.
  • უზრუნველყოს გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრა; 
  • აწარმოოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიბელ გარემოებებში, ასევე 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა);
  • მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაიევას; 

განცხადებას და მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 

1. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
2. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
3. საფარი
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
5. მედიის ინსტიტუტი
6. საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
9. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
13. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF) 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით. 

2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით თავისუფლების 6 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

მოგვიანებით მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები