ნარკოპოლიტიკა

კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

როგორი იქნება ახალი კანონი, ამ დრომდე უცნობია. პრესსამსახური ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვით, პოზიციები ჯერ მმართველ გუნდშიც არ არის შეჯერებული.

"ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც წარიმართება საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამიტომ, აქაც ზუსტად იგივე სირთულე გვაქვს, რაც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები. მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები მე პირადად არ მომისმენია ერთი ან მეორე მხრიდან, რასაც მოჰყვა გარკვეული კრიტიკაც. თუმცა, დღესაც შემიძლია ზუსტად იგივე გავიმეორო, არც ერთი და არც მეორე მხრიდან, ანუ ვგულისხმობ მე უფრო ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს, სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, გვჭირდება მეტი სიღრმე და ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით", -აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები