რუსეთი

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნავალნი სასამართლო მოსმენამდე გაათავისუფლეს

Reuters

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გუშინ საპროტესტო აქციებისას მოსკოვში დააკავეს.

გათავისუფლების შესახებ ნავალნიმ საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით ის სასამართლო მოსმენამდე გაათავისუფლეს. ნავალნის არ დაუკონკრეტებია როდის გაიმართება სასამართლო. მან აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ასევე მათაც, ვინც მისი დაკავება გააპროტესტა.

გუშინ დააკავეს ნავალნის პარტიის მოსკოვის ოფისის 8 თანამშრომელიც. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის თქმით, პოლიციამ აქციების ლაივის ერთერთი წამყვანი ტელეფონში ბომბის ქონაში დაადანაშაულა. ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე სულ 185 ადამიანი დააკავეს.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით გაიმართა. აქციებს სანქცია არ მისცეს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ნავალნიმ მხარდამჭერები ორივე ქალაქში მაინც გამოიყვანა.

ალექსეი ნავალნის რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. უარის თქმის მიზეზად კომისიამ ნავალნის ნასამართლეობა დაასახელა. 2009 წელს ნავალნი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ის კიროვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე იყო. ნავალნის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოო სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა.

კომენტარები