ჩიხრაძე: სისტემას უნდა ჩამოშორდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ქმნიდა

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "გირგვლიანის შესწორებების" საკანონმდებლო პაკეტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, მოსამართლეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ.

"სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები, იმისათვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზედაც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, ჩვენ ყველა იმ რგოლში შესაბამისი ცვლილებების გატარებას ვითხოვთ, რომელიც ამ სისტემური დანაშაულის პროცესში იყო ჩართული.

ესენი არიან უპირველეს ყოვლისა - ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, მათი ჩამოშორება შესაბამისი სისტემისაგან; სპეცსამსახურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მთელ რიგ უკანონო ქმედებებში, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან და სისტემისაგან. ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები და შესაბამისად, ამ ნაწილშიც ვიხილოთ აღსრულებული მართლმსაჯულება.

ის მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის სახელით ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს ასვამდნენ ბეჭედს და დღესაც სისტემაში იმყოფებიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას, რადგან სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუ იმ ადამიანებმა, შესაბამისი თანამდებობის პირებმა, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ, რომლებიც ამ სისტემას ქმნიან, არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულების აღსრულების საქმეში ხდებოდა," - განაცხადა ჩიხრაძემ.

დღეს ქართული ოცნების თავმდჯომარემ მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, სახელწოდებით "გირგვლიანის შესწორებები", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები.

კომენტარები