თურქეთი

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბა

Anadolu

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით თურქულმა რეაქტიულმა თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათაპა პარტიის (PKK) პოზიციები დაბომბა.

თურქეთის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები ჩრდილოეთ ერაყის რამდენიმე რეგიონში ჯამში 11 სამიზნეზე განხორციელდა მაშინ, როდესაც ტერორისტები საზღვარზე მდებარე სამხედრო პოსტებზე თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. თურქული საჰაერო დარტყმების სამიზნეს ქურთისტანის მუშატა პარტიის თავშესაფრები და იარაღის საწყობები წარმოადგენდა.

განცხადების მიხედვით თავდასხმა სირიაში დაწყებული ოპერაციის, "ზეთისხილის რტოს" ნაწილია. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ეს ოპერაცია საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შეიმუშავა და მის ფარგლებში პირველი საჰაერო თავდასხმა 21 იანვარს სირიის ქალაქ აფრინზე განახორციელა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

კომენტარები