მეტრო ვარკეთილი

სკოლები, საბავშვო ბაღები, შსს-ს შენობები და სხვა - რას არემონტებდა "ყვარელრემმშენი"

საიმონ დოუსონი / Bloomberg

კომპანიამ, რომელმაც მეტროსადგური ვარკეთილი გაარემონტა, სულ 16 ტენდერში გაიმარჯვა. მათ შორის არის სკოლები, საბავშვო ბაღები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობები და ა.შ.

ამ დროისთვის, "ყვარელრემმშენი" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში (ე.წ. ინფექციური საავადმყოფო) აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 212 ათას 937 ლარია, ხელშეკრულება 2018 წლის 9 იანვარს გაფორმდა და სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 9 აპრილისა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ყვარელრემმშენი" 1999 წლის 1 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ხელმძღვანელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯოხარიძეა.

ტენდერებში კომპანიის მონაწილეობა 2011 წლიდან ჩანს და თავდაპირველად, ის ყვარელში მუშაობდა.

"ყვარელრემმშენმა" 2011 წლის 17 ივნისს ხელშეკრულება ყვარლის მუნიციპალიტეტთან გააფორმა, რომლის მიხედვით, ყვარელში არსებული კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. პროექტის ღირებულება 68 ათას 100 ლარი იყო.

კომპანიამ ყვარლის კულტურის სახლი გაარემონტა 2012 წელსაც. 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამაში 289 ათას 177 ლარი მიიღო.

"ყვარელრემმშენს" მუნიციპალიტეტმა ასევე დაუკვეთა სოფელ გავაზის საბავშვო ბაღისა და ყვარლის მედია ცენტრის 2 ოთახის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულება 2014 წლის 16 აპრილს გაფორმდა და პროექტის ღირებულება 38 ათას 999 ლარი იყო.

2014 წელსვე, კომპანიამ გაიმარჯვა ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ტენდერში, რომლის მიხედვით, ქალაქში კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზი მოეწყო. პროექტში 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

"ყვარელრემმშენმა" გაარემონტა ყვარელში, სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღიც და ამაში 9 ათას 953 ლარი მიიღო. ხელშეკრულება 2014 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა.

2014 წელს კომპანიას სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება გაუფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრმაც. "ყვარელრემმშენმა" ამაში 4899 ლარი აიღო.

კომპანიას მოგებული აქვს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტენდერებიც. 2014 წელს ცენტრმა "ყვარელრემმშენისგან" ტექნიკური ზედამხედველობა შეისყიდა, რაშიც 11 ათას 800 ლარი გადაიხადა.

ამავე პერიოდში, კომპანიამ გაიმარჯვა ცენტრის ღობის დამზადების სამუშაოების და მონტაჟის შესყიდვის ტენდერში და ამაში 20 ათასი ლარი მიიღო.

2015 წელს "ყვარელრემმშენმა" კვლავ გაიმარჯვა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტენდერში და ყვარლის ფილიალისთვის საცურაო აუზის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რაშიც 13 ათას 469 ათასი ლარი დაიხარჯა.

2015 წელსვე კომპანიამ გაიმარჯვა ყვარლის გამგეობის კიდევ ერთ ტენდერში და სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რაშიც 170 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე წელს, ყვარელრემმშენმა გაარემონტა სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლა და სანაცვლოდ 26 ათასი ლარი მიიღო.

კომპანიამ გაიმარჯვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტენდერშიც და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა, რაშიც ბიუჯეტიდან 119 ათას 270 ლარი დაიხარჯა.

2017 წელს "ყვარელრემმშენმა" უკვე თბილისის N160 საჯარო სკოლა გაარემონტა და სანაცვლოდ, 66 ათასი ლარი მიიღო.

ამავე წელს კომპანიამ გაიმარჯვა შსს-ს ტენდერშიც და თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, გაარემონტა ყაზარმის ტერიტორია, ასევე, კეთილმოაწყო ჩალაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია და გადახურული ფარდული. ხელშეკრულების მიხედვით, ამ მომსახურების სანაცვლოდ, "ყვარელრემმშენმა" 158 ათას 376 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, ტენდერ მონიტორინგის ინფორმაციით, კომპანია "ყვარელრემმშენს" 28 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან 46%-ში გამარჯვებულია, 43%-ში კი წაგებული.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დღეს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია.

ვარკეთილის მეტროში სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა და ეს თბილისის ბიუჯეტს 347 ათას 848 ლარი დაუჯდა. რემონტი 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. კომპანია მონაწილეობდა მეტრო ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და ხელშეკრულება კომპანია "დამბას" გაუფორმდა. "დამბამ" კი, თავის მხრივ, სარემონტო სამუშაოები "ყვარელრემმშენს" დაუკვეთა და შედეგად, ახმეტელის მეტროც იგივე კომპანიამ გაარემონტა, რაზეც 523 ათას 214 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ "ყვარელრემმშენი", ტენდერში გამარჯვებამდე, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო.

უწყების ვებ-გვერდის მონაცემებით, კომპანია შავ სიაში 2015 წლის 25 სექტემბერს მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ერთი წლით ხვდებიან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულება "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და "ყვარელრემმშენს" შორის კომპანიის შავი სიიდან ამოღების მომენტიდან ორი თვის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში საბოლოო ცვლილებები 2017 წლის 29 აგვისტოს შევიდა.

დღევანდელი მონაცემებით, კომპანია "ყვარელრემმშენი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში აღარ არის.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითდაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები